
“ბურჯანაძე-დემოკრატების” და “ნაციონალების” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციის ლიდერთა წინააღმდეგ, რომლებმაც 4 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართეს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
“სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არსებობს. ვინც აკეთებს განცხადებას ხელისუფლების დამხობის შესახებ, მათ მიმართ ასეთი მიდგომა გამართლებულია”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია პიროვნებები, ვის მიმართაც აღიძრა საქმე.
“მათ შეუძლიათ აღძრან ჩვენს წინააღმდეგ უკვე მეოთხეჯერ სისიხლის სამართლის საქმე. სცადონ ჩემი დაპატიმრებაც. ჩვენ უკანონოს არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით, აღიაროს არჩევნების რეალური შედეგები”, – განაცხადა ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.