ახალი ამბები

ბურჯანაძე “ახლების” და “ლეიბორისტების” უმოქმედობის გამო სინანულს გამოთქვამს

(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციას მხარი არ დაუჭირეს ლეობორისტულმა პარტიამ და “ახალ მემარჯვენეებმა”.

“მე ძალიან გაოცებული ვარ მათი პოზიციით. მეგონა, რომ დღეს მაინც შემოგვიერთდებოდნენ, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს, რაც ძალიან სამწუხაროა” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, “ბურჯანაძე-დემოკრატები” პარლამენტში მისვლის დროსაც გააგრძელებენ ნაციონალური მოძრაობასთან თანამშრომლობას.

“ოპოზიციურ პარტიების გაერთიანება არჩევნებამდე რომ მომხდარიყო, ახლა ასეთ მდგომარობაში არ ვიქნებოდით, თუმცა ეს ნაბიჯი ჩვენ უკვე გადავდგით ნაციონალებთან და ყველა საკითხის გადაჭრას ერთობლივად ვეცდებით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს თბილისის ფილარმონიაში ოპოზიციის ლიდერები კვლავ შეიკრიბნენ თავიანთ მომხრეებთან ერთად და ხელისუფლებისგან კვლავ მოითხოვეს 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ობიექტური შედეგების გამოქვეყნება.

“ახლებმა” 4 ნოემბერს უარი განაცხადეს ოპოზიციის საპროტესტო აქციებთან მიერთებაზე, ლეიბორისტებმა კი “აღორძინებასა” და “მრეწველებთან” ერთად, ხელისუფლების წარმომადგენელთა მსგავსად დაგმეს ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები, და აცხადებენ, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდა.

Back to top button