
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევების გამო
(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს “გააგრძელონ მუშაობა, რათა დარწმუნდნენ, რომ ხმების დათვლის საბოლოო შედეგი გამჭირვალე და სამართლიანია”.
“გუშინ [3 ნოემბერს] ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ამომრჩეველთა სიებში უზუსტობები იყო, რამაც არჩევნების პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობა შეასუსტა. შუაღამისას [3-დან 4 ნოემბრის ღამეს] ხმების დათვლის პროცესი შეწყდა საქართველოში, რამაც ძალიან შეგვაშფოთა. ჩვენმა ელჩმა საქართველოში ეს საკითხი საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან დააყენა. დღეს დილით [4 ნოემბერს] ხმების დათვლის პროცესი განახლდა. ჩვენ ვისწრაფით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ხმების სამართლიანი დათვლის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 4 ნოემბერს.
“ჩვენ ვნახეთ ეუთოს განცხადებები [რომელშიც იგი გმობს დარღვევებს საპარლამენტო არჩევნების დროს]. ჩვენ დაახლოებით იგივე საკითხები გვაღელვებს. თუმცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ მუშავდება, ვნახოთ როგორ განვითარებდა მოვლენები და ჩვენი შეფასებები ამის მიხედვით გავაკეთოთ”, – განაცხადა ადამ ერელიმ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 ნოემბერსაც გააკეთა კომენტარი არჩევნებთან დაკავშირებით. “რადგან ითვლება ამომრჩეველთა ხმები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და კანდიდატს თავი შეიკავონ მუქარისა და ძალადობისგან”, – აღნიშნა ადამ ერელიმ 3 ნოემბერს.
“ჩვენ ასევე ავღნიშნეთ, რომ ეუთო-მ აღიარა გარკვეული ასპექტები არჩევნების პროცესში პროგრესის მხრივ, მათ შორის ერთიანი საარჩევნო კოდექსის მიღება და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის გამჭირვალობა”, – დასძინა ადამ ერელიმ.
“ამერიკის შერთებული შტატები, ეუთო-სთან, გაერო-სთან და საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად მხარს უჭერს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, რადგან ქვეყანა ახალი პარლამენტის შესაქმნელად ემზადება და წინ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნები აქვს [2005 წელს]”, – განაცხადა აშშ სახელიმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.