
ოპოზიციის აქცია მერიასთან დაიშალა – ხელისუფლებას დრო ხვალ 12 საათამდე მისცეს
(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 4 ნოემბერს საღამოს თბილისის მერიასთან გამართული ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქცია დაიშალა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ხვალ დღის 12 საათამდე მისცეს დრო, რომ გამოაქვენოს 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ობიექტური შედეგები.
მოსახლეობამ საპროტესტო აქციაზე 17 საათისთვის დაიწყო. ნაწილი ფილარმონიაში შეიკრიბა, მეორე ნაწილი კი თბილისის მერიის შენობასთან. ფილარმონიაში შეკრებილმა ხალხმა ფეხით გაიარა რუსთაველი, ჩაუარეს ცსკო-ს შენობას არჩევნების ობიექტური შედეგების გამოქვეყნების სკანდირებით და შეუერთდნენ ოპოზიციის მომხრეთა მეორე ნაწილს.
ათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ, ზურაბ ჟვანიამ და სხვებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ აღიაროს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება.
ორსაათნახევრის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიშალა იმ პირობით, რომ ოპოზიციის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიციის მომხრეები კვლავ შეიკრიბებიან ხვალ 12 საათზე თბილისი ფილარმონიაში და მოქმედებების შემდგომ გეგმებს განიხილავენ.