ახალი ამბები

ოპოზიცია თბილისის ცენტრში საპროტესტო მსვლელობას აწყობს

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმი განათავსა თბილისის ცენტრში, რადგანაც “ბურჯანაძე-დემოკრატების” და ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერმა მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო.

“მოგიწოდებთ, დავიწყოთ მშვიდობიანი დემონსტრაცია, ჩავუაროთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემდეგ პარლამენტს, რომელსაც სახელისუფლებო ბლოკი ოკუპაციას უპირებს. წავიდეთ და შევუერთდეთ ჩვენს პარტნიორებს – ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც საკრებულოს წინ შეიკრიბნენ”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ფილარმონიაში.

საპროტესტო აქცია დღეს დილით ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ხელისუფლების მიერ არჩევნების მასობრივი გაყალბების თავიდან ასაცილებლად. “ახალი მემარჯვენეები” საპროტესტო აქციას არ შეუერთდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა და სახელისუფლებო ბლოკის ლიდერმა ავთანდილ ჯორბენაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. მან გამორიცხა არჩევნების შედეგების გაყალბება და გააფრთხილა ოპოზიცია, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში.

Back to top button