ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არჩევნების შედეგების შეცვლაში ამხელს

(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადს, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს ხელოვნურად ცვლის ნაციონალების წინააღმდეგ.

“ორი დღეა ქვეყნის პრეზიდენტი გვეთამაშება და შულერივით სურს არჩევნების შედეგების შეცვლა და წინა პოზიციაზე საკუთარი პარტიის წამოწევა. სინამდვილეშე პირველი ადგილი ჩვენ მოვიპოვეთ, დაფიქსირებული მონაცემებით, 28%-მდე გვაქვს, ხელისუფლებამ კი 18%, ისინი კი პირიქით აკეთებენ და ხელოვნურად ზრდიან საკუთარ პროცენტებს”, – განაცხადა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ასევე ცდილობს ორი ოპოზიციური ძალა
“ბურჯანაძე-დემოკრატები” და “ახალი მემარჯვენეები” პარლამენტის გარეთ დატოვოს.

“ამით ხელისუფლებას სურს, რომ ოპოზიციიდან პარლამენტში მოვხვდეთ ჩვენ მარტო და ისიც მეორე ადგილზე. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 7% ბარიერი “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” გადალახეს და ასევე ზღვარზეა ახალი მემერჯვენეებიც. ჩვენ, ქართველ ხალხს გვართმევენ არჩევანის უფლებას, რაც არ უნდა დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ვერ განახორციელოს ეს მზაკვრული გეგმა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბრიფინგის დაწყებამდე ნაციონალების ოფისის წინ დაუდგენელმა პირმა მის პირად მძღოლს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. სააკაშვილის თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია მისი მცველების მიერ, პოლიციას გადაეცა და ახლა საქმე სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ.

Back to top button