
შევარდნაძე არჩევნებზე კომენტარს აკეთებს
(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “არჩევნები ჩატარდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არჩევნები ყველაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე იყო, ვიდრე ყველა წინა არჩევნები”, – განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 3 ნოემბრის რადიო-ინტერვიუში.
“ამომრჩევლებმა აირჩიეს ახალი პარლამენტი, რომელსაც ისტორიული მისია ექნება”, – დასძინა პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. “დასავლეთი და აშშ მხარს არასდროს დაუჭერს ძალადობას და ზეწოლას არჩევნების დროს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შევარდნაძემ დიდი მადლობა მოუხადა მასმედიის წარმომადგენლებს აქტიური მონაწილეობისთვის არჩევნების ობიექტური გაშუქების პროცესში. “მასმედიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეწყო არჩევნების წარმატებისთვის”, – აღნიშნა შევარდნაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი მეტ ყურადღებას დაუთმობს კანონშემოქმედებით საქმიანობას და დასძინა, რომ ქვეყანას სჭირდება “მუშა საკანონმდებლო ორგანო”.
მისი თქმით, ჯერ ადრეა არჩევნების საბოლოო შედეგებზე ლაპარაკი, რადგანაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა დასძინა, რომ “წინასწარი შედეგები ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს ასახავს”.
“რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ შედეგებით. იყო დარღვევები, უზუსტობა ამომრჩეველთა სიებში, ძალადობა და დაშინება. დეპუტატობის რამოდენიმე კანდიდატმა კანონი დაარღვია და ძალადობას მიმართა, რაც აღმაშფოთებელია. თუმცა, რეალური არსი არჩევნებისა დარღვევების კონკრეტული ფაქტებით არ იცვლება”, – განაცხადა შევარდნაძემ.
მან ახალ პარლამენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა და დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე [2005] დარჩენილი დრო შედეგიანად უნდა იქნას გამოყენებული.