
ნაციონალური მოძრაობა ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ლიდერობს
(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 3000 დამკვირვებელი გაგზავნა არჩევნებზე მონიტორინგის ჩასატარებლად, პირველად საქართველოში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლა განახორციელა.
ქვემოთ მოცემულია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები:
სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა – 26,6%
ახალი საქართველოსთვის – 18,92%
ლეიბორისტული პარტია – 17,3%
ბურჯანაძე-დემოკრატები – 10,15%
აღორძინების კავშირი – 8,13%
ახალი მემარჯვენეები – 7,99%
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 5,2%
“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, პარალელური ხმების დათვლის შედეგებში ცდომილების ზღვარი 2% არ გადააჭარბებს.
“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა ხმები საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად დათვალეს. ხმების პარალელური დათვლა ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს არჩევნების შედეგების გაყალბების თავიდან ასაცილებლად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” ლიდერობს.
ცსკო-მ ხმები 2,870 საარჩევნო უბნიდან 450 უბანში დათვალა. ხმები უბნებზე შემდეგნაირად განაწილდა: ახალი საქართველოსთვის – 27,6%; ნაციონალური მოძრაობა – 23%; ლეიბორისტული პარტია – 16,1%; ბურჯანაძე-დემოკრატები – 9,6%; ახალი მემარჯვენეები – 8,7%; მრეწველები – 5,9% და აღორძინება – 5%.
ეს საბოლოო შედეგი არ არის, რადგანაც ცსკო-ს კიდევ 2,420 უბანში დარჩა დასათვლელი ხმები.
პარლამენტში შესვლა მხოლოდ იმ პარტიებს შეეძლებათ, რომლებიც 7%-იან ბარიერს გადალახავენ.