ახალი ამბები

ბურჯანაძე ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ და “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის ლიდერმა  ნინო ბურჯანაძემ 3 ნოემბერს “ეგზით პოლების” შედეგების კომენტირებისას განაცხადა, “აშკარაა, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განსხვავებულად ვიცხოვრებთ”.

“მე მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ ჩვენი ხმების დასაცავად. მოვუწოდებ ოპოზიციას შექმნას კოალიცია პარლამენტში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.

აშშ-ის სოციოლოგიური კვლევების კომპანია “გლობალური სთრათეჯი გრუფ”-ის მიერ ჩატარებული “ეგზით პოლების” თანახმად, ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს – 20,7%-ით, მას მოყვება სახელისუფლებო ბლოკი 14,2%-ით და ლეიბორისტული პარტია – 14,1%-ით.

გამოკვლევის შედეგად, “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” ხმების 8,1% მოიპოვეს. შედეგის კომენტირებისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ბლოკის შედეგების მიმართ არჩევნებში”.

Back to top button