
რუსთავში საპარლამენტო არჩევნები 2 ნოემბერს ჩატარდება
(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქალაქ რუსთავში 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ დღეს რუსთავში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან მამუკა ნიკოლაიშვილთან შეხვედრის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა დევდარიანმა განაცხადა.
“რუსთავი ღირსია, რომ არჩევნები დანიშნულ დროს ჩატარდეს”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა. მისი ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მოხდება ამომრჩეველთა სიების ხელახალი გადამოწმება და 2 ნოემბერს საარჩევნო უბნებში დაზუსტებული სიები დარიგდება.
რუსთავში არჩევნების გადადებას ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები მოითხოვდნენ, რის მიზეზად ამომრჩეველთა სიებში 20 ათასი ცდომილების დაფიქისრებას ასახელებდნენ. ოპოზიციის მომხრეებმა დღეს რუსთავის საოლქო კომისიის შენობის ბლოკირება მოაწყვეს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით რუსთავში ცსკო-ს თავმჯდომარე ჩავიდა.