
ოპოზიცია პოლიციელების მიერ ხმის მიცემის პროცედურას აპროტესტებს
(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური პარტიები “ახალი მემარჯვენეები” და ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატები” ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, არჩევნების დღეს სამართალდამცავი ორგანოები იმ უბნებში შეძლებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, სადაც მოხდება მათი განაწილება წესრიგის დაცვის მიზნით.
“ვფიქრობთ, ამით ახალი დაძაბულობა შეიქმნება, ასევე ხელისუფლება ამ მეთოდით შეძლებს მათი ხმების მოპოვებას, რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ მაჩვენებელს წარმოადგენს”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა.
სარჩევნო უბნებს უკვე გადაეცათ პოლიციელთა სიები. ამ ქმედებას საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები დაფიქსირებულია თითქმის ყველა უბანზე. მათ შორის სიღნაღის საარჩევნო კომისიის #13 განკარგულებით, სიღნაღის რაიონული პოლიციის 115 თანამშრომელი შეყვანილი იქნა #2 და #16 საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში.