ახალი ამბები

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ მეორე საქმეს განიხილავს

(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებით, 16 ნოემბერს ჩატარდება თენგიზ ასანიძის საქმის მოსმენა, რომელიც ამჟამად ბათუმში იხდის სასჯელს.  

ასანიძის განცხადებით, იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და მას არ გააჩნია სამართლებრივი დაცვის რაიმე ეფექტური საშუალება, რაც მის გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

ასანიძე ბათუმის მერი იყო. იგი 1993 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და ბათუმის თამბაქოს კომპანიაში უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის გაასამართლეს. 1994 წელს მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქონების კონფისკაციით. 1999 წელს ასანიძე პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, თუმცა იგი აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაათავისუფლა.

1999 წელს ასანიძეს, რომელიც პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, ახალი მუხლი მიუყენეს და აჭარის უმაღლესმა სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი ანულირებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ასანიძე კვლავ პატიმრობაში იმყოფება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ეს უკვე მეორე საქმეა საქართველოს წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში. 16 სექტემბერს სასამართლომ იმ 13 ჩეჩენის სარჩელი მიიღო წარმოებაში, რომლებიც საქართველოს მესაზღვრეებმა გასულ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დააკავეს. დაკავებულები რუსეთში მოსალოდნელ ექსტრადიციას აპროტესტებდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button