
შევარდნაძის თქმით, ვაჟა ლორთქიფანიძე შესანიშნავი სპიკერი იქნება
(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” თავის კანდიდატს პარლამენტის სპიკერის პოსტზე იმ შემთხვევაში დაასახელებს, თუ ბლოკი “საპარმენტო ადგილების ნახევარს მაინც მოიპოვებს”.
“მე რამდენიმე კანდიდატი მყავს ამ პოსტზე. ერთ-ერთი მათგანი ვაჟა ლორთქიფანიძეა, რომელიც შესანიშნავი სპიკერი იქნება. სხვა კანდიდატების დასახელებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა შევარდნაძემ.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძეს ბლოკის დეპუტატობის კანდიდატთა სიაში პირველი ადგილი უკავია.
ლორთქიფანიძე ცდილობდა გასული წლის ნოემბერს პარლამენტის თავჯდომარის პოსტი დაეკავებინა, ზურაბ ჟვანიას გადადგომის შემდეგ, თუმცა ვერ შეძლო. პარლამენტის თავმჯდომარედ მაშინ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს.