
ზურაბ ჟვანია არჩევნების წარმატებით ჩატარების მიზნით ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ – “ნაციონალური მოძრაობას”, “ახალი მემარჯვენეებს”, ყველა შანსი გვაქვს, რომ არჩევნები სერიოზული შედეგებით მოვიგოთ და თან ისე, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობა შევქმნათ. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციას ერთობლივად თანამშრომლობის გონიერება გვეყოფა, რათა არც გაყალბება, არც შედეგების შეცვლა და არც მღელვარება არ დაუშვათ”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ გაზეთ “24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შემდეგ, ზურაბ ჟვანიას თქმით, პარლამენტში ბლოკის მისვლისას პირველი ნაბიჯი ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა იქნება.
“ჩვენ აქედანვე შეგვიძლია დავაფიქიროთ სრული მზადყოფნა, რომ ნებისმიერი შედეგების შემთხვევაში პარლამენტში ძალზე აქტიურად და კოორდინირებულად ვითანამშრომლებთ ოპოზოციურ ძალებთან. ეს რეალურად შექმნის ხელისუფლების შეცვლის წინაპირობას”, – აცხადებს ზურაბ ჟვანია.