ახალი ამბები

ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად “ეგზით პოლები” მაინც ჩატარდება

ევრაზიის ფონდის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დადებული კონტრაქტის საფუძველზე,  სოციოლოგიური კვლევების ამერიკული კომპანია “გლობალური სტრატეგიის ჯგუფი” 2 ნოემბრის საპარლამეტო არჩევნებზე “ეგზით პოლებს” ჩაატარებს.
 
ხელისუფლებისა და სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” ლიდერები შიშობენ, რომ “ეგზით პოლები” დესტაბილიზაციას გამოიწვევს და აზერბაიჯანის მაგალითი მოჰყავთ. ამავე დროს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლების შიში იმით არის გამოწვეული, რომ მათ იციან თავიანთი პოპულარობის ძალიან დაბალი დონის შესახებ.
 
28 ოქტომბერს პროექტის პრეზენტაციის დროს “გლობალური სტრატეგიის ჯგუფის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “ეგზით პოლები” საქართველოს მასშტაბით 500 საარჩევნო უბანზე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება და 23000 ამომრჩეველი გამოიკითხება.
 
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის პრეზიდენტი ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ კომპანიამ გადაწყვიტა უცხოური ფირმის დაქირავება “ეგზით პოლების” ჩასატარებლად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეჭვების თავიდან აცილების მიზნით.
 
“გლობალური სტრატეგიის ჯგუფი” არის სოციოლოგიური კვლევების კომპანია, რომლის კლიენტებს შორისაც იყვნენ “ეი-ბი-სი ნიუსი”, “სი-ბი-ეს ნიუსი”, “ორაკული”. ფირმის კლიენტი ასევე იყო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ელ გორი 2000 წელს.
 
ხელისუფლება, ისევე როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, ეჭვის თვალით უყურებს ქართული ფირმების მიერ ბოლო დროს ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს, განსაკუთრებით, სოციოლოგიური კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას.

“სოციოლოგიური კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი” ის ჯგუფია, რომელიც მთლიანად ზურაბ ჟვანიასა [“ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის ლიდერი] და მიხეილ სააკაშვილის [ნაციონალური მოძრაობის ლიდერი] კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა აღორძინების წევრმა ცოტნე ბაკურიამ 28 ოქტომბერს.
 
ოპოზიციური პარტიების ლიდერთა განცხადებით, სოციოლოგიური კვლევები და “ეგზით პოლები” დამატებითი ღონისძიებებია არჩევნების მასობრივი გაყალბების თავიდან ასაცილებლად. “ამიტომაც ეშინია ხელისუფლებას და ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას ამგვარი გამოკვლევებისა”, – აღნიშნა “ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრმა გიორგი ბარამიძემ.
 
ხელისუფლება ეცადა ზეწოლა მოეხდინა “რუსთავი 2”-ზე “ეგზით პოლებთან” დაკავშირებით. 24 ოქტომბერს “რუსთავი 2”-ის პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მოთხოვა ტელეკომპანიას არ გაეშუქებინა “ეგზით პოლების” შედეგები.
 
“ავთანდილ ჯორნებაძე გვესტუმრა გუშინ ღამე [23 ოქტომბერს] და გვთხოვა არჩევნების გაშუქება ხელისუფლების სასარგებლოდ. მან ასევე მოითხოვა თავი შეგვეკავებინა არჩევნების დღეს [2 ნოემბერს] “ეგზით პოლების” ჩატარებისგან, რასაც, ჩვეულებრივ, “რუსთავი 2″ ყოველ არჩევნებზე ახორციელებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით”, – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

ხელისუფლების განცხადებით, “ეგზით პოლებმა”, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ქვეყანაში. “მოდით, გავიხსენოთ, რა მოხდა აზერბაიჯანში. სოციოლოგიური კვლევის რამდენიმე კომპანიამ გამოაქვეყნა “ეგზით პოლების” შედეგები, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებოდა არჩევნების ოფიციალური შედეგებისგან. ამან არეულობა გამოიწვია ბაქოში, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა”, – განაცხადა სახელისუფლებო ბლოკის წევრმა ლევან მამალაძემ.
 
თუმცა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, ერთადერთი მიზეზი, რამაც, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, არის არჩევნების მასობრივი გაყალბება. “ამგვარად, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რათა თავიდან ავიცილოთ არეულობა და დესტაბილიზაცია”, – განაცხადა “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
 
დამკვირვებელთა განცხადებით, მხოლოდ არჩევნების გაყალბებამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა. “არ მგონია, რომ აქტიური ამომრჩევლები, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას უჭერენ მხარს, მხოლოდ ამოიოხრებენ და სახლში დაბრუნდებიან იმ შემთხვევაში, თუ თავიანთ გვარებს სიებში ვერ იპოვნიან. ვფიქრობ, სწორედ ამომრჩეველთა სიებში დაშვებული ეს შეცდომები გამოიწვევს დაძაბულობას”, – აცხადებს ექსპერტი-იურისტი დავით უსუფაშვილი.

ახლახანს ჩატარებული სოციოლოგიურ გამოკვლევების მიხედვით ლიდერობენ ოპოზიციური პარტიები. ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, 19-22 ოქტომბერს ჩატარებულ გამოკვლევაში “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მასშტაბით ყველაზე პოპულარულ პარტიას წარმოადგენს ხმების 22.8%-ით. გამოკვლევის შედეგები საქართველოს რეგიონებში 1000 კაცის და თბილისის მასშტაბით, ასევე 1000 კაცის გამოკითხვაზე იყო დაფუძნებული.
 
“ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ლიდერობდა, ახლა ხმების 19.8% მიიღო, ლეიბორისტულმა პარტიამ 17.6% მიიღო, სახელისუფლებო ბლოკმა ხმების მხოლოდ 8.7% მიიღო.

გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button