
ახალი ამბები
აშშ-ის ელჩმა და ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების საკითხი განიხილეს
(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა 27 ოქტომბერს შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხის განხილვის მიზნით.
ლეიბორისტული პარტიისა და “ახალი მემარჯვენეების” ლიდერებთან შეხვედრისას, ძირითადად, ამომრჩეველთა სიების გარშემო შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს.
“ჩვენ ელჩთან მუდმივ კავშირზე შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, მას საარჩევნო პროცესში მომხდარ დარღვევებზე მივაწოდოთ ინფორმაცია”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 27 ოქტომბერს.
“დარწმუნებული ვარ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები უფრო გამჭირვალე და დემოკრატიული იქნება, ვიდრე წინა არჩევნები”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა.