
ექსპერტები თბილისის სიების გაყალბებაში შსს-ს ადანაშაულებენ
(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დამოუკიდებელი ექსპერტები ორი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდ “აი-ფი-ესში” შეხვედრებს აწარმოებდნენ. არსებული დარღვევების შესახებ ექსპერტებმა დავით უსუფაშვილმა, გოჩა ცქიტიშვილმა და ლაშა ტუღუშმა დღეს არჩევნების მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
“თბილისის სიების შედგენაში პასუხისმგებლობა, ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკისროს. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ მოხერხდა სამინისტროსგან ელექტრონული ვერსიის ასლის მიღება, რაც საეჭვოს ხდის სიების შედგენის სიზუსტეს. დარღვევებია სიების გადაცემის ვადებშიც, კერძოდ, 3 ივლისიდან 15 აგვისტომდე ვერ მოხერხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სიების გადაცემა კომპიუტერულ ცენტრისთვის, რაც ეჭვებს ბადებს”, – განაცხადა დღეს დავით უსუფაშვილმა.
ექსპერტთა განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით თოდუას უკმაყოფილება მოჰყვა, რომელიც ამავე პრესკონფერენციას ესწრებოდა. მისი თქმით, სიების ელექტრონული ვერსიის ასლი უკვე წარდგენილია ანტიკორუფციულ საბჭოში.
“სიების არასწორ შედგენას რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს სიები არ შეუდგენია, უბრალოდ ვახდენდით რეგისტრირებული ადამიანების აღწერას”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას დავით თოდუამ.
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დღეს კონკრეტულად დამნაშავე ორგანიზაცია ვერ დაასახელეს, თუმცა, მათი განცხადებით, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ.
“არაზუსტი სიების შედგენა განზრახ მოხდა და ამ პროცესში ბევრი ადამიანი არ არის ჩართული, არამედ რამდენიმე პირი, რომლებიც უშუალოდ გასცემდნენ ბრძანებას. სწორედ მათი გამოვლენა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ არჩევნებამდე”, – განაცხადა გოჩა ცქიტიშვილმა.
ექსპერტები დაზუსტებული სიებით არჩევნების ჩატარებას ეჭვის თავლით უყურებენ და აცხადებენ, რომ ეს ვერ მოესწრება.