
ნანა დევდარიანის პროგნოზით, ამომრჩეველთა საბოლოო სიებში 10-15%-იანი ცდომილება შეიძლება იყოს
(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცსკ-ოს თავმჯდომარემ ნანა დევდარიანმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ სიებში, რომლითაც 2 ნოემბრის არჩევნები ჩატარდება, მაქსიმუმ 10-15%-იანი ცდომილება შეიძლება იყოს.
“სიების გარშემო შექმნილ აჟიოტაჟში შინაგან საქმეთა სამინისტრო და “აი-ეფ-ესი” ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავენი. მათზე თავდასხმა ნუ იქნება”, – აცხადებს ნანა დევდარიანი.
“მე პროკურორი არ ვარ, რომ ან ზესაშვიულს ან ძველი ცსკ-ოს რომელიმე სხვა წევრს ბრალი წავუყენო, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია, რომ სიებთან დაკავშირებით მათ სრული გულგრილობა და უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა ბრიფინგზე.
ნანა დევდარიანი გამორიცხავს სიების გამო არჩევნების გადადების შესაძლებლობა და აცხადებს, რომ “თუკი ვინმეს არჩევნების გადადება ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი აქვს, მაშინ, შესაძლოა, ამის მიზეზად სიების გაუმართაობა ან სხვა ნებისმიერი საბაბიც იპოვოს”.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო ცენტრის “09”-სა და “ჯორჯია ონლაინ”-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც სიების გადამოწმებისათვის ამომრჩეველს უფასო მომსახურებას უწევდა, დროებით, 26 ოქტომბრამდე შეჩერდება. ეს პროექტი გაგრძელედება 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა სიების აბსოლუტურად შეცვლილი, ახალი ვერსია დაიდება ვებ-გვედზე.
ამომრჩეველს სიებში მათი არსებობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე 26 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე მხოლოდ სასამართლო წესით შეეძლებათ სიაში თავისი მონაცემების შეყვანა.