ახალი ამბები

ოპოზიცია ამომრჩეველთა არაზუსტი სიების გამო საპროტესტო აქციას ატარებს

(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყეს. ისინი საოლქო საარჩევნო კომისიებისგან დაზუსტებული სიების დროულად გადმოგზავნას მოითხოვდნენ.

“სიები, რომლებიც ჩვენმა აქტივისტებმა და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დააზუსტეს, შეტანილია საოლქო კომისიებში. თუმცა, საოლქო კომისიები ფეხს ითრევენ, რომ ეს სიები ცსკო-ს გადაუგზავნონ”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 22 ოქტომბერს.

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ, “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” და “ახალმა მემარჯვენეებმა, დააზუსტეს ამომრჩეველთა სიები და ისინი საოლქო კომისიებს წარუდგინეს.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა თქმით, ისინი არ დაიშლებიან, სანამ ცსკო-ს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

Back to top button