ახალი ამბები

ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს მიეძღვნა

(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთ მინისტრი იაპ დე ჰოუპ შეფერი დღეს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. საუბარი, ძირითადად, საქართველოში 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.

“ქართულ მხარეს რაიმე რეკომენდაციას არ ვაძლევ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რადგან თავადაც იცით, რომ 2 ნოემბერი ახალი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მომავალი განვითარება ამ არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეუთო-ს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს რაიმე კონკრეტულ თემებზე საუბარი არ ყოფილა, მათ შორის, არც კონფლიქტების მოგვარების გეგმებზე.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თბილისში ვიზიტის დროს ასევე შეხვდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანვჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც მას არჩევნებისთვის მზადების შესახებ ინფორამცია გააცნეს. ეუთო-ს თავმჯდომარე დღესვე ბაქოში გაემგზავრა.

Back to top button