
“სამართლიანი არჩევნები” შს მინისტრის განცხადებას აპროტესტებს
(თბილისი, 20 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” პროტესტს გამოთქვამს შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის მიერ ამომრჩეველთა არაზუსტი სიების შესახებ გაკეთებული განცხადების თაობაზე და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის მოხელეების მხრიდან ამგვარი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს და ეს ამომრჩევლისადმი ცინიკური დამოკიდებულებაა.
“ასეთი დამოკიდებულება ქმნის იმის საშიშროებას, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მთლიანად ზურგი აქციოს საარჩევნო პროცესს. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ აქვს უფრო სრულყოფილი სიები, მაშინ რატომ არ ხდება ხელახალი წარდგენა ცენტრალური საარჩვენო კომისიისთვის, რათა მოხდეს ამომრჩეველთა სიების დაზუსტება”, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას ამჟამინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სწორედ კომისიაა ამომრჩეველთა წინაშე პასუხისმგებელი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ამომრჩეველთა სიებში დაფიქსირებულ ცდომილებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძველი შემადგენლობა დაადანაშაულა. ამის შესახებ მან 18 ოქტომბერს ცსკო-ს ახლანდელ თავმჯდომარესთან ნანა დევდარიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.