ახალი ამბები

ედპ-ის ლიდერი შევარდნაძის საარჩევნო ბლოკს უერთდება

(თბილისი, 11 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახლადშექმნილ საარჩევნო ბლოკ “ახალი საქართველოსათვის” ერთად მიიღებს, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა. ამის შესახებ განცხადება ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული იყო, ვინაიდან მოსახლეობაში ხელისუფლების რეიტინგი დაბალია, თუმცა ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი უპერსპექტივო რომ ყოფილიყო. ბლოკთან ალიანსი ძირითადად ედუარდ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკით არის განპირობებული”, – განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების მიუხედავად ვერ მოხერხდა მათი გაერთიანება, რადგან მათ შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობს. მას ასევე ეჭვი ეპარება საერთოდ ოპოზიციურ ძალთა გაერთიანებაში.

ედპ ჯერ კიდევ გასულ წელს აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა “გაერთიანებულ დემოკრატებთან”, “ახალ მემარჯვენეებთან” და სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობა ერთობლივი ძალებით სურდათ.

Back to top button