ახალი ამბები

აშშ-ის დელეგაცია: სამართლიანი არჩევნები სტაბილურობას უზრუნველყოფს

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულმა აშშ-ის წინასაარჩევნო დელეგაციამ, რომელიც საქართველოს 4-7 ოქტომბერს ეწვია, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ქვეყნის დემოკრატიზაციის გადამწყვეტ გამოცდას წარმოადგენს”.

დელეგაციაში შედიოდნენ: გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი _ აშშ-ის სამხედრო მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ყოფილი სარდალი; სთროუბ ტალბოტი _ ბრუკინგის ინსტიტუტის პრეზიდენტი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე; სემ გეჯდენსონი _ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; ბრუკ შირერი _ ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი და აშშ-ის ყოფილი შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი და პატრიკ მერლოუ _ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო პროგრამების დირექტორი. N

“თუ არჩევნები სამართლიანი, გამჭირვალე და ძალადობისგან თავისუფალი იქნება, მისი შედეგები მისაღები იქნება ქართველი ხალხისთვის. ამ შემთხვევაში, ქვეყანა მიაღწევს უფრო დიდ პოლიტიკურ სტაბილურობას და შეძლებს უფრო ადვილად შეუერთდეს დემოკრატიულ საზოგადოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

“თუ ეს არჩევნები არ ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა დაცვით, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტი დაკარგავს საზოგადოების ნდობას და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი სერიოზულ დარტყმას მიიღებს”.

ამერიკულმა დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გამჭირვალობისკენ და პოლიტიკური უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

მსგავსი/Related

Back to top button