ახალი ამბები

ჩეჩენი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი დახმარების ადგილსამყოფელი უცნობია

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილებისთვის რუსული დელეგაციის მიერ ჩატანილი 20 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის ადგილსამყოფელი დაუდგენელია. ასევე ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, დაიწყო თუ არა ჩეჩენი ლტოლვილებითვის დახმარების გაცემა.

“ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულმა სატვირთო მანქანამ ხეობა დატოვა, ახმეტის რაიონში ტვირთი არ არის. შესაძლოა, 3700 ლტოლვილს შორის დახმარების მიღების მსურველი იყოს, თუმცა, ჩვენ არ ვიცით ტვირთის ადგილსამყოფელი”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ახმეტის რაიონის გამგებელმა ნუკრი ალავიძემ.

საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით თოდია. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს დახმარების გაცემა, თუმცა, რამდენ ოჯახზეა გაცემული ტვირთი, ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს.

რუსეთის დელეგაცია, ჩეჩნეთის საკითხთა მინისტრის სტანისლავ ილიასოვის და საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილის იური ბრაჟნიკოვის მეთაურიბით, პანკისის ხეობაში 30 სექტემბერს იმყოფებოდა.  დელეგაციამ ჩეჩენ ლტოლვილებს თბილი ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს, თუმცა ლტოლვილებმა მათ აღებაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ჩეჩნებს დაბრუნება არ სურთ

მსგავსი/Related

Back to top button