
ოპოზიცია პოლიციას ბოლნისში ამომრჩეველთა დაშინებაში ადანაშაულებს
(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლნისის რაიონის პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლოებას აიძულებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა წინააღმდეგ მისცენ ჩვენება. საქმე ეხება შეტაკებას, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა შორის 26 სექტემბერს ბოლნისში მოხდა. “26 სექტემბრის შემდეგ პოლიცია ყოველ ღამეს აწყობს რეიდებს ბოლნისის სოფლებში და აიძულებს ადგილობრივ მოსახლეობას განაცხადონ, რომ ჩხუბი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა წამოიწყეს”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქამალ მურადხანოვმა, რომელიც ბოლნისის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ბოლნისში საარჩევნო კამპანიის წარმოების მიზნით 26 სექტემბერს ჩავიდნენ. თუმცა, პოლიციამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ბოლნისის შესასვლელი გადაუკეტეს. შეტაკების დროს ათობით ადამიანი დაშავდა. ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუბენ ასანიძემ უარყო ინციდენტში პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი. მისი თქმით, “ინციდენტის მთავარ დაზარალებულ მხარეს სწორედ პოლიციელები და ადგილობრივი ხელისუფლება წარმოადგენენ”.