ახალი ამბები

ცსკო უარს ამბობს ჩაატაროს რეფერენდუმი მინისტრთა კაბინეტის შემოღების თაობაზე

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) უარყო “ტრადიციონალისტების” წინადადება 2 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტის შემოღების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

ტრადიციონალისტთა პარტიამ, რომელიც ახლახანს ბურჯანაძე-დემოკრატების საარჩევნო ბლოკს შეუერთდა, მოითხოვა რეფერენდუმის დროს ერთადერთი კითხვის დასმას: “ეთანხმებით თუ არა მინისტრთა კაბინეტის შემოღებას? პრემიერ-მინისტრი არ შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტი”.

“ცსკო-ის უარის მიზეზი საკმაოდ უცნაური იყო. მისი განცხადებით, საკითხის ამგვარი ფორმულირება ადამიანთა უფლებებს არღვევს, რადგანაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსაც კი, აქვს უფლება პრემიერ-მინისტრი გახდეს. მაგრამ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვეთ ამგვარი ფორმულირება, რადგანაც ჩვენ აღარ გვინდა შევარდნაძის ყოფნა პოლიტიკაში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ”, – განაცხადა ტრადიციონალისტების ლიდერმა აკაკი ასათიანმა 28 სექტემბერს.

ტრადიციონალისტები ცსკო-ის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დადებითად გადაწყვეტს საკითხს, ტრადიციონალისტები რეფერენდუმის ჩატარებისთვის საჭირო 200,000 ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებენ.  

Back to top button