
ოპოზიცია ქვემო ქართლში პოზიციების გამყარებას ცდილობს
ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ქვემო ქართლშიც მოსახლეობის უმრავლესობა გაჭირვების უკიდურეს ზღვარზეა მისული, საარსებო საშუალება არ გააჩნია და ხელისუფლების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული, ხოლო მათ ძირითად მოთხოვნას პენსიებისა და ხელფასების დროულად დარიგება წარმოადგენს. “აუცილებლად მივალ ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გაცილებით უკეთესი ვითარება იქნება ვიდრე ახლაა, სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს, ამაზე უარესად ვეღარ ვიქნებით. თუ ვის მივცემ ხმას, ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ამჟამინდელი ხელისუფლება რომ არ იქნება ვიცი. ამის მიზეზი მაქვს, მუშაობის მიუხედავად მაინც არსებობა შეუძლებელია”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ბოლნისის რაიონის მკვიდრმა აჰმედ აგარიანმა. ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა დაეკმაყოფილებინა ეთნიკური აზერბაიჯანელების ინტერესები, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში ქართველების ინტერესები უგულებელყოფილი იყო. “აქ უმრავლესობა აზერბაიჯანელი მოსახლეობაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავარ დასაყრდენად სწორედ ისინი გაიხადა და ჩვენ ქართველებს აზერბაიჯანელების საკუთრებაში არსებულ მიწაზე გვიწევს მუშაობა, თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება არაქართველ მოსახლეობაშიც იზრდება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ბოლნისელმა მანანა გულედანმა. ბოლო პერიოდში ქვემო ქართლში აზერბაიჯანელ მოსახლეობაშიც გამოჩდნენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, რომლებიც რეგიონის ყოფილი გუბერნატორის, სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთ აქტიური წევრის და ახლა უკვე ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან მამალაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და მისგან მიწების სამართლიანად განაწილებას მოითხოვდნენ, რისი პრეცედენტიც ადრე არ ყოფილა. ბოლნისში ყოფნისას ნინო ბურჯანაძემ თავისი ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა მოსახლეობას. “ბურჯანაძე-დემოკრატებიდან” ლევან მამალაძეს ბოლნისში კონკურენციას კობა დვალიშვილი გაუწევს. “ერთადერთი, რასაც გთხოვთ არის ის, რომ იმედი არ დაკარგოთ და აქტიურად ჩაერთოთ საპარლამენტო არჩევნებში და გამოხატოთ თქვენი სურვილი, ნუ მისცემთ ხელისუფლებას თქვენი პასიურობით ცარიელი ბიულეტენების გამოყენების საშუალებას”, – განაცხადა ბოლნისში შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ. “ამ არჩევნებში პასიურობა და სახლში დარჩენა დეზერტირობის ტოლფასია. თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება გამოხატოთ თქვენი სურვილი არჩევნების დღეს და ვინმეს მხრიდან დაშინების ნუ შეგეშინდებათ”, – განაცხადა შეხვედრაზე “ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკის წევრმა ედვარდ სურმანიძემ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისში ვიზიტისას ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტის მხარდამჭერი ბოლნისის რაიონის გამგებელი ზურაბ ჯაფარიძე შეხვდა. “ჩემი შეხვედრა ნინო ბურჯანაძესთან, ძირითადად, იმით არის განპირობებული, რომ ჯერ ქალბატონია და მერე პარლამენტის თავმჯდომარე. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათთან შეხვედრას არ ვაპირებ, თუმცა ხელის შეშლას ჩვენ არ ვგეგმავთ”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ზურაბ ჯაფარიძემ. ოპოზიციის გააქტიურება ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ხელისუფლებას მყარი პოზიციები აქვს, შესაძლოა სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს. ბოლნისში ლევან მამალაძეს “ბურჯანაძე -დემოკრატების” კანდიდატის გარდა კიდევ ერთი ოპოზიციური ბლოკის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ქამალ მურადხანოვი დაუპირისპირდება. ორი ოპოზიციური პარტიის კანდიდატების დაპირისპირება კი ლევან მამალაძის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიაქვემო ქართლის რეგიონი, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული და წლების განმავლობაში ხელისუფლების მყარ დასაყრდენს წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ. თუმცა მდგომარეობა ამ არჩევნებზე, შესაძლოა, მცირედით მაინც შეიცვალოს და ეს ტენდენცია 24 სექტემბერს რეგიონში პარლამენტის თავმჯდომარისა და ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერის ნინო ბურჯანაძის ვიზიტმაც აჩვენა.
ნინო ბურჯანაძემ ბოლნისის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა, რათა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ნაკლები შანსი მიეცეს.