
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში წინასაარჩევნო დელეგაციას აგზავნის
(თბილისი, 25 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 4-8 ოქტომბერს საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციას გამოგზავნის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესაფასებლად.
დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი – აშშ-ის შეიარარებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე; სტრობ ტალბოტი – ბრუკინგის ინსტიტუტის პრეზიდენტი; ბრუკ შირერი – ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი და პატრიკ მარლოუ – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საარჩევნო პროგრამების დირექტორი.
ეს წინასაარჩევნო მისია მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული საარჩევნო პროცესებისადმი და საარჩევნო გარემოს შეფასებას. დელეგაცია შეხვდება მთავრობის, პარელამენტის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე თბილისში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
“საქართველოს მომავალზე და მის ურთიერთობაზე დემოკრატიულ ერებთან გავლენას იქონიებს ის, თუ როგორ ჩატარდება მოახლოებული არჩევნები” – განაცხადა ვაშინგტონში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა.
1994 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული არჩევნების, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი მმართველობისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობაზე.