ახალი ამბები

ბურჯანაძე ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის შეფერხებაში ადანაშაულებს

(თბილისი, 22 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ და “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის შეფერხებაში დაადანაშაულა.

“თავიანთი საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაწყების ნაცვლად, სახელისუფლებო ბლოკი ხელს უშლის სხვა პარტიებსა და ბლოკებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებზე, რათა მათ ხმა მისცენ სახელისუფლებო ბლოკს “ახალი საქართველოსთვის”.

ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, “დისკრედიტირებული მთავრობა” არჩევნებში წარმატების მისაღწევად “ადმინისტრაციული ბერკეტების” გამოყენებას შეეცდება.

“გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ პოლიცია არჩევნების დღეს ყაზარმულ რეჟიმზე იქნება გადაყვანილი და პოლიციელებისთვის სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნება, სადაც ისინი მაღალჩინოსანი პოლიციელების ზედამხედველობის ქვეშ გააკეთებენ თავიანთ არჩევანს.

Back to top button