ახალი ამბები

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა

(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ლუი ტორანი დღეს ორდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა.

ხელშეკრულების დეტალები გასაიდუმლოებულია, რაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროტესტს იწვევს.

“ჩვენ არაფერი ვიცით დოკუმენტის დეტალების შესახებ. საქართველოს მთავრობასთან კონკორდატს 2002 წელს მოვაწერეთ ხელი და ხალხმა იცის ამ დოკუმენტის დეტალების შესახებ”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

გასულ ოქტომბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ და საქართველოს პატრიარქმა ხელი მოაწერეს კონკორდატს, რომელიც ეკლესიის და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. კონკორდატი სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

მართლმადიდებლური ეკლესია შიშობს, რომ ვატიკანთან დადებული ხელშეკრულება საფრთხეს შეუქმნის მის ექსკლუზიურ უფლებებს საქართველოში.

საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ 17 სექტემბერს თავი შეიკავა ხელშეკრულების დეტალებზე საუბრისგან და განაცხადა, რომ ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება და მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესებს არ ლახავს.

Back to top button