
იგორ გიორგაძე სამტრედიაში გადეპუტატებას აპირებს
(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი შეფი იგორ გიორგაძე 2 ნოემბერს დანიშნულ საპარალემნტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. გიორგაძის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფმა უკვე წარადგინა შესაბამისი დოკუმენაცია საარჩევნო ოლქში. იგორ გიორგაძე თავისი კანდიდატურის წამოყენებას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამტრედიის რაიონში აპირებს.
ინტერპოლის მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი იგორ გიორგაძე, სავარაუდოდ, რამდენიმე წელია რუსეთში ცხოვრობს. წლების განმავლობაში იგი მრავლად აძლევდა ინტერვიუებს რუსეთის მასობრივ საინფორმაციო საშულაბებს, მათ შორის ტელეკომპანიებსაც.
საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატი ბოლი ორი წლის განმავობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.
როგორც გაზეთი “რეზონანსი” იტყობინება, იგორ გიორგაძე საქართველოში იმყოფება, კერძოდ ცხინვალის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ზნაურში. ეს თავად გიორგაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაშია აღბეჭდილი.
ამჟამად ცენტრალური საარჩევნო კომისია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს დადასტურებას, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა იგორ გიორგაძე ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ გიორგაძე საქართველოში ცხოვრობდა და მოხდა მისის რეგისტრაციაში გატარება, მას ვერ დააკავებენ, რადგან მას დეპუტატობის კანდიდატის იმუნიტეტი დაიცავს.
იგორ გიორგაძე 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობას, თუმცა, იმ მოტივით, რომ იგი საქართველოში არ ცხოვრობდა, უარი ეთქვა რეგისტრაციაში გატარებაზე. მას ბრალი ედება 1995 წელს საქართველოს პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტის ორგანიზებაში.