ახალი ამბები

თურქეთი საქართველოს დახმარებას პირდება

ანკარა ოპტიმისტურადაა განწყობილი ტრანსკავკასიური ენერგოპროექტების მიმართ

თურქეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 15-16 სექტემბერს ეწვია. იგი თბილისში თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი მენაღარიშვილთან, ასევე სახელმწიფო მინისტრთან და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრ მალხაზ კაკაბაძესთან.

ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ენერგოპროექტების რეალიზაცია, რეგიონალური პოლიტიკა და უსაფრთხოება, ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია – ის ძირითადი საკითხები იყო, რის გარშემოც აბდულა გიულმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საათნახევრის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.
    
“დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთსა და საქართველოს შორის”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

“კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთი კავკასიას, განსაკუთრებით მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს – საქართველოს. განსაკუთრებით საინტერესოა ის ენერგეტიკული პროექტები, რაც ხორციელდება, რომელშიც ორივე მხარე უშუალო მონაწილეობას იღებს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გაუწიოთ საქართველოს ყველა სფეროში”, – განუცხადა აბდულა გიულმა ჟურნალისტებს.

იგი დარწმუნებულია, რომ ისეთ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და შაჰ-დენიზი, არანაირი საფრთხე არ შეექმნება. საქართველოსა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაჩნდა ეჭვები, რომ შესაძლოა, ამ გარიგებამ შეაფერხოს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტის განხორციელება.

“მართალია, საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა ბუნებრივი აირის მომწოდებელ რუსულ კომპანია “გაზპრომთან”, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების პირობები ხელს არ შეუშლის ამ დიდი პროექტის განხორციელებას და ორივე მხარე შევძლებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტის დაწყების ხელისშემშლელ პირობას ვერ ვხედავ. ქართული მხარე ამ პროექტში აქტიურად მონაწილეობს, მხარს უჭერს არსებულ შეთანხმებას და მის საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადადგამს”, – განაცხადა თურქეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის რეალიზაციას, “რომელიც წარმატებით ხორციელდება და მისი მშენებლობის დასრულება 2004 წლისთვის არის დაგეგმილი. ამით საქართველო და თურქეთი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენენ მსოფლიოში”.

აბდულა გიულმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
 
“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კავკასიაში მშვიდობა იყოს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორი სახელმწიფოები, დიდ დაინტერესებას იჩენს საქართველოში 2 ნოემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო შეძლებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომელზეც დაფიქსირდება ქართველი ხალხის ნება.

“არანაირი ეჭვი არ გაგვაჩნია იმისა, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები დემოკრატიული ქვეყნისთვის შესაბამის ვითარებაში ჩატარდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოსა და ეუთოს წევრი ქვეყანაა, არჩევნები აქ წარმატებით ჩაივლის”, – აცხადებს აბდულა გიული და წარმატებას უსურვებს ქართველ ხალხს. 

ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტის დროს თანამშრომლობის შესახებ რაიმე კონკრეტული დოკუმენტის ხელმოწერა არ მომხდარა. მისი თქმით ამ ვიზიტს უფრო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button