
ევროპის სასამართლო დაპატიმრებული ჩეჩნების სარჩელის განხილვის მიზანშეწონილობას შეისწავლის
(თბილისი, 16 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლო დღეს ქართველი მესაზღვრეების მიერ გასულ წელს დაკავებული 13 ჩეჩენის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვის მიზანშეწონილობას შეისწავლის.
13 ჩეჩენს, რომლებიც ქართველმა მესაზღვრეებმა 2002 წლის 3-5 აგვისტოს დააკავეს, საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედებათ ბრალი. რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 5 მათგანი 2002 წლის ოწტომბერში რუსულ მხარეს გადასცეს, ხოლო რვა დაკავებული თბილისში რჩება.
გასული წლის 4-9 ოქტომბერს ჩეჩნებმა ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, რუსეთში ექსტრადირება მათ სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის. რუსული მხარისთვის უკვე გადაცემული ჩეჩნების ნათესავები აცხადებენ, რომ რუსეთში ექსტრადირებულთა ადგილსამყოფელი და მდგომარეობა დღემდე უცნობია.