ახალი ამბები

უცხოელმა დამკვირვებლებმა თავიანთი სამუშაო სტრატეგია წარმოადგინეს

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით თბილისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დაკვირვებებს აწარმოებენ წინასაარჩევნო პროცეზე.

“ალბათ გესმით, თუ რა დიდი დატვირთვა აქვს ამ არჩევნებს თქვენი ქვეყნისთვის, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არჩევნების მიმდინარეობის და სამართლიანად ჩატარების პროცესს, ამისათვის ვიმოქმედებთ შესაბამისი კოდექსის მიხედვით და მთელ ამ ხანგრძლივ პროცესს სათანადოდ გავაკონტროლებთ”, – განაცხადა დღეს სასტუმრო “მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ჯულიან პილ იეტსიმ.

მისი თქმით, ამ დროისათვის თბილისში უკვე იმყოფება 21 “გრძლევადიანი” დამკვირვებელი, რომლებიც რეგიონებში მთელ საარჩევნო პროცესზე წარმართავენ დაკვირვებას.

“ჩვენ სამი ძირითადი პრინციპით მოვქმედებთ: გაავანალიზებთ პოლიტიკური პარტიების კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციების და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას, ასევე დავაკვირდებით მედიას, რადგან არჩევნების პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ შუქდება მოვლენები”, – განაცხადა ჯულიან პილ იეტსიმ.

დამკვირვებლები ასევე მკაცრად გააკონტროლებენ დარღვევების შემდეგ გასაჩივრების პროცედურას.

სულ არჩევნების პერიოდში საქართველოში  400 “მოკლევადიანი” დამკვირვებელი გააკონტროლებს არჩევნების მიმდინარეობას.

Back to top button