ახალი ამბები

პრეზიდენტს რეფერენდუმზე მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს

(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმს პარლამენტში დეპუტატების შემცირების თაობაზე მოსახლეობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა ექნება. მისი თქმით, 2 ნოემბერს ამომრჩეველს მოუწევს რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება და საკუთარი ნების დაფიქსირება ამ საკითხთან დაკავშირებით.

“ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, მე ვალდებული ვიყავი საქართველოში უკვე რიგით მეორე რეფერენდუმი დამენიშნა, დარწმუნებული ვარ გამოკითხვის ჩატარების შემთხვევაში მოსახლეობის 90% მომხრე იქნება ამის [პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირების]”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტმა 3 სექტემბერს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, ამომრჩეველმა უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია მომხრეა თუ არა პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებისა. ეს შემცირება შეეხება მომავალი მოწვევის პარლამენტს და არა იმას, რომელიც 2 ნოემბერს იქნება არჩეული.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. იგი კამყოფილია ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობით. მისი განცხადებით, უკვე შეიმჩნევა დადებითი პოზიციები არჩევნების გამჭირვალედ და ობიექტურად ჩატარებისთვის.

Back to top button