
დივერსია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე
(თბილისი, 4 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 3 სექტემბერს ავარიულად გამოირთო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი “იმერეთი”. სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მამუკა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ხაზზე დივერსიული აქტი მოხდა. ხაზის დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტესს რაიონს.
“ეს დივერსია მიმართულია მთელი საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ხერხდება დამნაშავეთა სათანადო დასჯა”, – განაცხადა 3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ნიკოლაიშვილმა.
მაღალი ძაბვის ხაზი “იმერეთი” ასევე დაზიანდა ორი კვირის წინ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიუხედავად ვერ მოხერხდა დამნაშავეთა გამოვლენა. ამ 500 კილოვოლტიანი ხაზის საშუალებით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია მიეწოდება დასავლეთ საქართველოს ნაწილს და აღმოსავლეთ რეგიონებს.
დღეისთვის ენერგმომომარაგება საქართველოს მასშტაბით ნაწილობრივ აღდგა.