ახალი ამბები

გაეროში საქართველოს წარმომადგენლის თქმით, აფხაზეთში ტერორისტები იმალებიან

(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა რევაზ ადამიამ 30 ივლისს გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “აფხაზ სეპარატისტთა რეჟიმი უკვე ჩამოყალიბდა, როგორც დამნაშავეთა და ტერორისტთა უსაფრთხო თავშესაფარი”.

“სულ მცირე, ორი ტერორისტი – გიცბა და თოქჯანი, რომლებიც ხომალდ ,,ავრასიას” გატაცებაში მონაწილეობდნენ, კვლავაც რჩებიან აფხაზეთში და მიუწვდომელნი არიან მართლმსაჯულებისათვის”, – განაცხადა ადამიამ.

ეთნიკური თურქებისა და ჩეჩნების შეიარაღებულმა ჯგუფმა ხომალდი “ავრასია” შავი ზღვაში 1996 წელს გაიტაცა. გამტაცებლები მაშინ ჩეჩნეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ.

30 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭო დახურულ კარს მიღმა აფხაზეთის საკითხს განიხილავდა.

Back to top button