
აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდა
(თბილისი, 29 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩმა და პრეზიდენტმა ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-ის საქართველოდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს ქართულ ბაზარზე რუსული კომპანია “გაზპრომის” შემოსვლის თემაც, თუმცა დეტალებს რიჩარდ მაილსი არ ახმოვანებს.
“ეს რიგითი სამუშაო შეხვედრაა პრეზიდენტთან. საუბარი “გაზპრომის” შემოსვლას შეეხო, თუმცა ეს პირადი საუბარია და დეტალების გახმაურება არამართებულია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რიჩარდ მაელსმა.
პრეზიდენტის მიერ 28 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ ქართველი ბიზნესმენების მხრიდან “თელასის” შესაძლო შესყიდვის შესახებ აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას განცხადებით, ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა მთავარი მაინც თავად ბიზნესმენებზე და მათ სურვილზეა დამოკიდებული.
ამერიკული კომპანიის საქართველოდან წასვლისა და “თელასის” აქციების ქართული მხარის მიერ შესაძლო შესყიდვის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 28 ივლისს, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში გააკეთა.