ახალი ამბები

რუსეთმა და აფხაზეთმა საზღვაო მიმოსვლა საქართველოს ნებართვის გარეშე აღადგინეს

(თბილისი, 29 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ტურისტული გემი სოხუმის სანაპიროდან სოჭის მიმართლებით 26 ივლისს გავიდა. მისი მგზავრები ძირითადად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, საზღვაო მიმოსვლა კომერციული სტრუქტურების დონეზე აღდგა, რაც ძირითადად ტურისტების მოზღვავებული ნაკადით იქნა გამოწვეული.

გემი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის დროშით დაცურავს.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ 27 ივლისს კატეგორიული ზომების მიღება მოითხოვა, რათა შეწყდეს საზღვაო მიმოსვლა სოჭსა და სოხუმს შორის. მისი თქმით, საქართველომ უნდა შეწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკებები 7 მარტს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ სოჭში მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის თაობაზე.

21 ივლისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, სადაც კატეგორიულად ითხოვდა “რუსეთის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე უარის თქმას და 1996 წელს დსთ-ის ქვეყნების მიერ მიღწეული შეთანხმების შესრულებას”. ეს შეთანხმება კრძალავს ცალმხრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს აფხაზ სეპარატისტებთან საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.

Back to top button