
ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უთანხმოება არ არსებობს, – აცხადებს პრეზიდენტი
(თბილისი, 28 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში დადებულ ხელშეკრულებაშია განსაზღვრული.
“ამ ხელშეკრულების საფუძველზე არც ხელისუფლება და არც ეკლესია არ ერევა ერთმანეთის ინტერესებში”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
რაც შეეხება რელიგიური უმცირესობის დევნა-შევიწროებას ქვეყანაში, პრეზიდენტის თქმით, ეს არ მოხდება. “მე უკვე მქონდა შეხვედრა მათ წარმომადგენლებთან და მომავალშიც შევხვდები. ჩვენ ევროპის საბჭოს წევრები ვართ და ვალდებულნი ვართ, დავიცვათ რელიგიური უმცირესობები, დამოუკიდებლობა ხომ არჩევანის დამოუკიდებლობას ნიშნავს”, – აცხადებს პრეზიდენტი.
მართმადიდებლობის სახელით რელიგიური უმცირესობების დარბევას ეხებოდა 26 ივლისს გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელსაც საზოგადოების ფართო წარმომადგენელები აწერენ ხელს. ისინი საქართველოს პატრიარქისგან ითხოვენ განცხადების გაკეთებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
“უწმინდესო, რად იგვიანებს თქვენი ხმა, როცა საქართველო ლამის წალეკოს რელიგიურმა სიბნელემ, ავადმყოფურმა მისტიციზმმა, რასიზმმა და ნაციზზმა” – ნათქვამია საქართველოს პატრიარქისთვის მიწერილ ღია წერილში.