ახალი ამბები

ოპოზიცია “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების გამო ენერგეტიკის მინისტრის გადაყენებას ითხოვს

(თბილისი, 25 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე “გაზპრომსა” და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების კატეგორიული წინააღმდეგია და ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას იმპიჩმენტს მოითხოვს.

“მე სიამოვნებით დავუჭერ მხარს მირცხულავას იმპიჩმენტს. მან არასოდეს იცის რა ხდება ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში. როგორც ჩანს, მას საკუთარი ინტერესები გააჩნია ხელშეკრულებაში”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 25 ივლისს.

ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ უარყო ოპოზიციის ლიდერების განცხადებები, რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უწოდა. მისი თქმით, მათ ენერგეტიკის სფეროში პირადი ინტერესები გააჩნიათ.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსული ენერგოკომპანიის შემოსვლა საქართველოში აშშ-ის შეშფოთებას იწვევს, რადგან ვაშინგტონი შიშობს, რომ “გაზპრომი” პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის შაჰ-დენიზის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით თურქეთში და დასავლეთის ბაზრებზე.

მინისტრის განცხადებით, “გაზპრომთან” დადებული შეთანხმება მართლაც შეიცავდა პუნქტებს, რომლებიც მიუღებელი იყო შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი და “ახლა ის სავსებით შესაბამება აშშ-ის სტანდარტებს”.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავასა და “გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორის ალექსეი მილერის მიერ 1 ივლისს მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, რუსული კომპანია საქართველოს გაზით მოამარაგებს; იგი ასევე მზად არის საქართველოს გაზის გამანაწილებელ ქსელსა და ორ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს. ერთ-ერთი მათგანით მოხდება გაზის ტრანსპორტირება სომხეთში, ხოლო მეორეთი – თურქეთში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით.

Back to top button