
შინაგანი ჯარი ციხეების დაცვაზე უარს ამბობს
(თბილისი, 25 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგანი ჯარის სარდალმა გია შერვაშიძემ განაცხადა, რომ შინაგანი ჯარი უარს ამბობს ციხეების გარე პერიმეტრის დაცვაზე იმ მოტივით, რომ ბიუჯეტში ამისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული.
ციხეებიდან ბოლო დროს გახშირებულმა გაქცევებმა აიძულა იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი შსს-ის დაქვემდებარებაში მყოფი შინაგანი ჯარისთვის ეთხოვა ციხეების დაცვაში მონაწილეობა.
შინაგანი ჯარის სარდალმა ასევე განაცხადა, რომ პენიტენციალურ სისტემაში არსებული უსაფრთხოების სისტემა მთლიანად განადგურებულია.
ციხიდან გაქცევის გახშირებული ფაქტების კომენტირებისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამის მიზეზი “პენიტენციალურ სისტემაში გატარებული ნაჩქარევი რეფორმებია”. 2001 წელს ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გატარებული რეფორმების შედეგად, პენიტენციალური სისტემა გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.