
ბურჯანაძე უარყოფს ჯორბენაძის ბრალდებებს პარლამენტის მისამართით
(თბილისი, 25 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ბრალდებას პარლამენტის არაეფექტური მუშაობის თაობაზე “უსაფუძვლო” უწოდა.
“პარლამენტი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც მუდმივი პრობლემები აქვს საბიუჯეტო პარამეტრების შესრულებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ 23 ივლისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის არაკომპეტენტურობა არის ნაწილობრივ მიზეზი იმისა, რომ ვერ სრულდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები.
ჯორბენაძის განცხადების კომენტირებისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ დაწყებული ანტისაპარლამენტო კამპანია პარლამენტის თავჯდომარის წინააღმდეგ არის მიმართული.