ახალი ამბები

მაია ნიკოლაიშვილი მის გათავისუფლებას პოლიტიკას უკავშირებს

(თბილისი, 254 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა 24 ივლისს თანამდებობიდან გაათავისუფლა სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევების ცენტრის უფროსი მაია ნიკოლაიშვილი, რის მიზეზად მინისტრი ნიკოლაიშვილის საქმიანობაში ფინანსურ დარღვევებს, მის შეუსაბამო საკადრო პოლიტიკას და თანამშრომელთა საჩივარს ასახელებს.

მაია ნიკოლაიშვილი მისი თანამდებობიდან გათვისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს მის სამსახურეობრივ საქმიანობას ეხება, რომელიც ავიაკომპანია “აირზენასთან” და ენერგეტიკის სფეროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

“ეს ზოგიერთი არანორმალური პოლიტიკური პარტიის მხრიდან განხორციელებულ ქმედებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან გამოძიება პირდაპირ მათ საარჩევნოდ დასაფინანსებელ თანხებს უკავშირდებოდა. “აირზენასა” და ენერგეტიკის სფეროში დარღვევების საქმეების შესწავლა საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ხდებოდა”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მაია ნიკოლაიშვილმა.

მაია ნიკოლაიშვილი იუსტიციის მინისტრის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტია, რომელ სასამართლოში შეიტანს სარჩელს. მისი თქმით, შესაძლოა, სარჩელი საოლქო სასამართლოში შეიტანოს.

Back to top button