ახალი ამბები

შევარდნაძე მადლობას უხდის რუსეთს ენერგოსექტორში დახმარებისთვის

(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი დივერსიას უწოდებს 30 მარტს დილის 6 საათზე 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის “კავკასიონის” აფეთქებას.

“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ არსებობენ ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ იძიონ შური და გაართულონ ვითარება”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

მისი თქმით, ზამთრის პერიოდი ენერგომომარაგების მხრივ მაინც ლმობიერი იყო გადამხდელთათვის. იგი დადებითად აფასებს ამ დარგში საქართველო-რუსეთის თანამშრომლობას და აღნიშნავს, რომ სწორედ რუსეთის ენერგოსექტორის დახმარებით, შესაძლებელი გახდა დამატებითი ენერგორესურსების მიღება, რისთვისაც მადლობას უხდის რუსეთის პრეზიდენტს და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს, ასევე აშშ-ს განითარების საერთაშორისო სააგენტო “იუსაიდს”, რომლის ფინანსური დახმარებით, სოციალურად დაუცველ ფენებს შეღავათებით მიეწოდება ენერგია.

პრეზიდნეტის განცხადებით, მომავალში საქართველომ უნდა შეძლოს ამ დარგში დამოუკიდებლად მუშაობა და ამისათვის უნდა გამოიყენოს საკუთარი დიდი პოტენციალი, რაც უნდა გამოიხატოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა-აღდგენაში და განახლებადი ენერგიის გამოყენებაში.

Back to top button