
უშიშროების სამინისტრომ მე-10 ბლოკის აფეთქების გამოძიება დაასრულა
(თბილისი, 1 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების სამინისტრომ ორი წლის წინ “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-10 ენერგობლოკის საქვაბის აფეთქების მიზეზების გამოძიება დაასრულა.
უშიშროების სამინისტრო აფეთქების ძირითად მიზეზად გერმანული ფირმა “სიმენსის” დამცავი აპარატურის არამართებულად დამონტაჟებას და სამუშაოსადმი კომპანიის თანამშრომლების გულგრილ დამოკიდებულება ასახელებს. სამინისტრო ასევე გამორიცხავს დივერსიას.
ამის გამო სამინისტრო სასამართლოსგან ორივე მხარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
იმ შემთხვევაში თუ შედგება სასამართლო პროცესი და სამინისტროს მიერ მოძიებული მასალები დადასტურდება, “სიმენსს” 70 მლნ დოლარის ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს. “ეი-ი-ეს მტკვარის” წარმომადგენლების გათვლებით, ბლოკის აფეთქების შედეგად კომპანიამ 70 მლნ დოლარის ზარალი განიცადა.