
თბილისში გაზის მოწოდების აღდგენა ეტაპობრივად მოხდება
(თბილისი, 4 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ბუნებრივი აირის მოწოდების რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი უზბეკეთის ტერიტორიაზე გაზსადენი მილის დაზიანება გახდა, ამას თან დაერთო “თბილგაზის” მიერ საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანია “იტერასთვის” გაგზავნილი განაცხადი გაზის რაოდენობის 500 ათასი კუბური მეტრის მოწოდების თაობაზე. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში აცნობეს.
ბუნებრივი აირის მოცულობის შემცირებისთანავე სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავან “იტერას” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, რის შედაგადაც მიღწეულია შეთანხმება გაზის მოცულობის გაზრდის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით “თბილგაზმაც” გაგზავნა “იტერას” სათაო ოფისში განაცხადი დამატებით 500 ათასი კუბური მეტრი გაზის მოწოდების თაობაზე.
“თბილგაზს” ბუნებრივი აირის მოწოდება დღესვე აღუდგება, უბნების გაზმომარაგების აღდგენას კი რამდენიმე დღე დასჭირდება.