
იმუნიტეტი ოლიგარქიული დაჯგუფებების დაცვის საშუალება არ უნდა გახდეს, – აცხადებს შევარდნაძე
(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს თანამდებობის პირებისთვის და პარლამენტის დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვასა და გაუქმებას. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ეს პროცესი პარლამენტიდან დაიწყება.
“იმუნიტეტი ოლიგარქიული დაჯგუფებების დაცვის საშუალება არ უნდა გახდეს. ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამან განაპირობა, რომ არსებობენ დამნაშავეები, რომლებიც ამით სარგებლობენ”, – განაცხადა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, გენერალურ პროკურორს საშუალება უნდა მიეცეს აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ასეთი მიდგომა განამტკიცებს დემოკრატიულ წესრიგს ქვეყანაში, – დასძინა შევარდნაძემ.
2 აპრილის მთავრობის სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენელთათვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ იმსჯელეს. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, იმუნიტეტი უნდა მოეხსნას გამომძიებლებს და პროკურორებს, ნაწილობრივ უნდა შეეზღუდოს გენერალური გენერალურ პროკურორს, მის მოადგილეებს, სახალხო დამცველს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. პროექტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვას, თუმცა დაკონკრეტებული არ არის რა შეთხვევაში.