
ერაყთან მიმართებაში საქართველო პოზიციას არ იცვლის
(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ეხმაურება ერაყში საომარ მოქმედებებს და რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ ომის მიმართ.
“კარგია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივ მაინც შეიცვალა შეხედულება ამ მოვლენების მიმართ, ჩვენ კი მყარად ვდგავართ 3 თებერვალს ჩემს მიერ გამოხატულ პოზიციაზე, აშშ-ს ნებისმიერ დროს შეეძლება ჩვენი დახმარების გამოყენება. ამისთვის ქართველი სამხედროებიც მზადყოფნას გამოხატავენ და იმ განწყობაზე არიან, რომ საქართველო განზე არ უნდა დარჩეს. დანარჩენი კი უკვე აშშ-ის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული” – აცხადებს პრეზიდენტი.
შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ სამწუხაროდ გაერო-მ ვერ შეძლო პლანეტაზე სამართლიანი მშვიდობის დამყარება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციამ ბევრი გააკეთა აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარფებლად.
“მართალია, ჯერ შედეგი არ ჩანს, მაგრამ როცა დრო მოვა, მე შევეცდები საქართველომ საკუთარი სიტყვა თქვას”, – აცხადებს შევარდნაძე და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით საქართველო ბევრ სიკეთეს ნახავს.