ახალი ამბები

შევარდნაძე დუმა-ს ურჩევს, რომ საქართველოში რუსული ბაზების არსებობის კანონიერებაზე დაფიქრდეს

(თბილისი, 8 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებთან ორშაბათის ტრადიციულ შეხვედრაზე 7 აპრილს განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც ამერიკულ მხარეს თავისი შეხედულებისამებრ და ქართულ მხარესთან შეთანხმებით საქართველოს ტერიტორიაზე მდებაზე სამხედრო ონიექტების გამოყენების უფლებას აძლევს, რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ასეთი კომენტარი გაუკეთა შევარდნაძემ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტში მომზადებული დადგენილების პროექტს, რომლითაც გაკრიტიკებულია ქართულ-ამერიკული სამხედრო ხელშეკრულება. დადგენილების ამ პროექტს სახელმწიფო სათათბირო ამ კვირაში განიხილავს.

დადგენილების პროექტი მოუწოდებს რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაისინჯოს მოსკოვის პოლიტიკა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა ცხინვალის რეგიონის მიმართ, რომლებას რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება სურთ.

ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამ პროექტის განხილვას შეუდგება 9 აპრილს, რუსი დეპუტატები უმჯობესია თუ დაფიქრდებიან საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების არსებობის კანონიერებაზე, რომლებიც საქართველოდან უნდა გასულიყვნენ ეუთო-ს ფარგლებში 1999 წელს სტამბულში მიღწეული შეთანხმების მიხედვით.

Back to top button